„სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, დაახლოებით ორი მილიარდის სამედიცინო სერვისი შესთავაზოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. პრემიერმინისტრმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ისცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა. „საქართველო ხდება სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი, რაც ამავე დროს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია იმისკენ, რომ ჩვენ ეფექტურად ვიყოთ ინტეგრირებული საერთო ევროპულ სივრცეში. AMEE-ს აქვს ორი რეგიონული ცენტრი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იქნება მესამე, რომელიც ჩვენი რეგიონის გარდა დაფარავს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება განათლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი სწორედ ამ მიმართულებით იქნება გამოყენებული. "რა თქმა უნდა, ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის სიღარიბეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც კი ჩვენ გადაგვიდგამს დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა. ამავე დროს, ღრმად მწამს, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და გარანტი იმისთვის, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო იქნება წარმატებული 21-ე საუკუნეში." - აღნიშნა პრემიერმა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
|