საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება მოკლევადიანია.
„ექსპორტის მაჩვენებელი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი. მიმდინარეობს ის აქტიური პროცესი, რასაც სავაჭრო დეფიციტის შემცირება ჰქვია. ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე, ამიტომ ეს პროცესი არის მოკლევადიანი“, - განაცხადა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკა მცირეა და მასზე გავლენას გარე ფაქტორები ახდენს. „მე ბუნებრივია მაქვს ანალიტიკუერი მონაცემები იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება ლარის კურსს. ჩვენ გვაქვს მცირე ეკონომიკა და ბუნებრივია, ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნები ახდენენ გავლენას ლარის კურსზე და მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, რეგიონში არის მუდმივად შოკების საფრთხე, ამიტომ ხელისუფლებამ დაიწყო ლარიზაციის პროგრამა, რომ საქართველოს მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული დოლარზე. „დავიწყეთ ასევე ორიენტაცია ექსპორტზე, იმპორტის ჩანაცვლებაზე. ტურიზმის განვითარება უნდა იყოს გრძელვადიანი. საქართველო არ უნდა იყოს მოწყვლადი. ვცდილობთ მოვახდინოთ ეკონომიკის დივერსიფიცირება ევროკავშირის და ჩინეთის ბაზარზე“, - განაცხადა ბახტაძემ.
ანალიტიკოსები ლარის გაუფასურების ორ მიზეზზე საუბრობენ. ერთი პოზიცია თურქეთში ლირის მკვეთრ ვარდნას უკავშირდება, მეორე კი, ბაზარზე ფულის მასის ზრდას. მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ლარის კურსზე გავლენას ახდენს, ამ დროისთვის პოზიტიურია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ პროცესი ლარის მსყიდველობით უნარზე არ აისახება.
|