2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის როლი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იყო კონკრეტული გზავნილი „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდამჭერების მხრიდან, რომ ბევრი რამ იყო შესაცვლელი. როგორც ის ფიქრობს, ეს გზავნილი მიღებულია, გააზრებულია და ამ ფაქტორმა გარკვეულ წილად იმოქმედა სამთავრობო პროგრამის გარკვეულ დაკორექტირებაზე.
„რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს და ბიძინა ივანიშვილის როლს, ეს როლი რა თქმა უნდა იქნება ძალიან დიდი. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. ჩვენ ვაშენებთ საპარლამენტო დემოკრატიას და ბუნებრივია, ნებისმიერი პარტიის თავმჯდომარის როლი, მითუმეტეს, დამფუძნებლის და მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილის, იქნება ძალიან დიდი“, - აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა.