ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის ენით საუბართან და საზოგადოების საპროტესტო მუხტთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განახცადა, რომ საკრებულოს არ აქვს იმის ბერკეტი, დეპუტატს იძულებით დაათმობინონ მანდატი. „ჩვენ, საკრებულოს არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ დეპუტატი დატოვოს საკრებულო. მან დატოვა საკრებულოში თანამდებობა, ის არანაირ თანამდებობას არ იკავებს საკრებულოში. მასთან ერთად ნამდვილად არ ვაპირებ მუშაობას. ფრაქციაში ერთად ვართ და ვფიქრობ, რომ იმ ფრაქციაში მასთან ერთად აღარ გავაგრძელებ მუშაობას. არ მაქვს ინფორმაცია, რას გადაწყვეტს ის ხვალ. შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, ის დატოვებს ფრაქციას თუ მე. პროცედურები არსებობს. მაგალითად ხალხს აქვს უფლება, დეპუტატი გაითხოვოს და არის ამის ბერკეტები, თუმცა ეს საზოგადოების გადასაწყვეტია“, - განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ. ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნანა კოსტავა საკრებულოს დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ კოსტავამ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკისთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა. შეგახსენებთ, რომ 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო გაიზიარა წარწერით - „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა. ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი 27 მაისს იპოვეს. მანამდე ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
|