"სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავას განცხადებას ეხმაურება, რომელიც დეპუტატის მანდატის დატოვებას არ აპირებს. "რამხელა მისია ჰქონია ამ ქალს და არ ვიცოდით. სინამდვილეში ეს ქალია ოცნების რეალური სახე - სკამს ჩაბღაუჭებული, სიძულვილით სავსე ვითომ რამის გამკეთებელი ! აბა თქვენ იცით ოცნებავ, გადაეფარეთ ამ სამარცხვინო ქალს, ანტიქრისტეებს ებრძვის და ბეჭები არ გაუცივდეს..." - წერს ალეკო ელისაშვილი. შეგახსენებთ, რომ 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო გაიზიარა წარწერით - „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა. ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი 27 მაისს იპოვეს. მანამდე ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
|