საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიდად აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" რომელიც შერიგებასა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. "ჩვენი ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერით, საქართველო ახორციელებს ისეთ სამშვიდობო ინიციატივებს, როგორიცაა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს შერიგებას და ჩართულობას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. საქართველომ ცალმხრივად დაადასტურა თავისი ერთგულება ძალის არგამოყენებისადმი. მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას საპასუხო ნაბიჯი და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები”, – განაცხადა ქვეყნის მთავრობის მეთაურმა.
|