2019 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება. განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები საზოგადოებას დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.
„დღეს წარმოგიდგენთ განახლებული ლარის ოჯახის ბოლო წევრს - 10 ლარის ნომინალის ბანკნოტს, ამით ლარის განახლების პროცესი დასრულდა", - განაცხადა პრეზენტაციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული" მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი. უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი" ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი.
„მიმდინარე წელს დავით კაკაბაძეს დაბადებიდან 130 წლისთავი უსრულდება და ამდენად, გარკვეულწილად სიმბოლურია, რომ განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის გამოშვება სწორედ საიუბილეო წელს მოხდება. განახლებული ბანკნოტი დაცულია, როგორც მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი, ასევე პროფესიონალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე დამცავი ნიშნებით“ - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
|