ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიასთან კითხვები და შენიშვნები არ არსებობს. ასევე მიაჩნია, რომ მისი თანამდებობიდან გადადგომა ქვეყნის ღალატი იქნებოდა.
„ქართული ოცნების თავმჯდომარე 20 ივნისის მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს, ხოლო მინისტრს პარლამენტის შენობის დაცვისა და გადატრიალების მცდელობის აღკვეთისთვის მადლობას უხდის.
„თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამაზე მიდის გამოძიება. იძიებს პროკურატურა, ერთი პოლიციელი უკვე ბრალდებულია, დანარჩენებს დაველოდებით. გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან გახარია რომ გადამდგარიყო 21-22-ში, ის პოლიტიკოსები, ვინ ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, ან რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, რა თქმა უნდა, ეს სურდათ. გახარია მაგარი კაცია.. ის რომ გახარია გადადგეს, ეს ნიშნავს იმას, რომ შს სამინისტრო, პოლიცია აღარ იარსებებს, ისინი მივლენ და შეიჭრებიან პარლამენტში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
20 ივნისიდან დღემდე, პარლამენტის წინ შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება.
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. რის გამოც, სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო. აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა.
პროტესტი 20 ივნისის დილით, პარლამენტის შენობაში დაიწყო. როცა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა ქართველ კოლეგებს რუსულად მიმართა. ამ ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აქციის ღამესთან დაკავშირებით ორი სამართალდამცველი დააკავა.