TBC-ისა და საქართველოს ბანკების ვალუტის გაცვლით სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს მიუახლოვდა. TBC-ში ამ დროისათვის ერთი დოლარის ღირებულება 2.995 ლარია, საქართველოს ბანკში კი - 2.99 ლარი.
Bloomberg-ის ვალუტის გაცვლით სისტემაში ერთი დოლარი 2.95 ლარადაა შეფასებული.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსს საღამოს გამოაქვეყნებს, იქამდე კი ლარი გაუფასურების ანტირეკორდებს ხსნის. გუშინდელი მონაცემებით ერთი დოლარი 2.9346 ლარი ღირდა, რაც ისტორიული მინიმუმია.
უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 20 თეთრით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ლარის გაუფასურება დიდხანს არ გაგრძელდება. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, ანუ კურსი, რომელიც ითვალისწინების ჩვენი პარტნიორების გაცვლით კურსებსაც არის იმაზე უფრო მეტად გაუფასურებული, ვიდრე იმ საგარეო შოკის ზომა, რაც ჩვენ გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ასეთი განვითარება გადაეცემა ინფლაციას, მივიღებთ ზომებს. მაგრამ ის, რომ ეფექტური გაცვლითი კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე საგარეო შოკის ზომა, შეიძლება მიგვანიშნედეს იმას, რომ ეს პროცესი [ლარის გაუფასურება] დიდხანს არ გაგრძელდება."