ვერც კი წარმომიდგენია, ასე როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, რომ სერიალები გადაიღო და უზღვავი ფული დახარჯო ცნობილი და მთელი მსოფლიოსთვის პატივსაცემი ქართველებისა და მათ მიერ შექმნილი ორგანიზაციების რეპუტაციის გასანადგურებლად, - ამის შესახებ მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.
პაატა ბურჭულაძე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მხარდაჭრას უცხადებს.
„ჩვენ რომ მოვლენებზე სწორი და დროული რეაგირება შეგვეძლოს მჯერა, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავდა ამდენს. ახლა ხომ მაინც ცხადად გამოჩნდა ყველაფერი, ახლა ხომ მაინც აღარ არსებობს კითხვის ნიშნები, ახლა ხომ მაინც ყველა ვხედავთ, რომ დიდი ფული იხარჯება ტროლურ კამპანიებში და მოქალაქეთა შორის ხელოვნური დაპირისპირების, სიძულვილის გაღვივებაში.
ოლიგარქისთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს ყოველი ახალი ძალა, მამუკა ხაზარაძის მოძრაობა იქნება ეს თუ პარლამენტის წინ შეუპოვრად მებრძოლი ახალგაზრდების გაერთიანება. საკუთარი მილიარდების გადასარჩენად ის ყველაფერზე მიდის და ამ დროს, მას ავიწყდება მთავარი, ქართველს ჩაგვრით ვერავინ დააშინებს, ის მხოლოდ მცირე დროით შეიძლება შეაფერხო საბოლოო გამარჯვებამდე!
ჩემო მამუკა, ვამაყობ შენით, ვამაყობ ჩვენი მებრძოლი ახალგაზრდებით, რომლებიც ამდენი ზეწოლის მიუხედავად, ვნახეთ რომ ვერც შეაშინეს და ვერც დაღალეს. თქვენს გვერდით მიგულეთ და ყველა იმ პატრიოტი ქართველის გვერდით, ვისი მიზანიც იქნება ქვეყნის განთავისუფლება ივანიშვილის მმართველობისგან.
დარწმუნებული ვარ, საქართველო ისეთივე თავისუფალი და წარმატებული იქნება, როგორც ჩვენი დიტო რაზმაძე, რომელმაც შენი, ფონდ „იავნანას" და კარგი ადამიანების თანადგომით, ყველა სირთულე დასძლია და ჭრილობებისა და ტკივილების მიუხედავად, 18 წლის საამაყო და სამაგალითო კაცი გახდა", - წერს პაატა ბურჭულაძე.