მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მოსამართლის თანდასწრებით მისი გამოკითხვა უნდა მოხდეს. გვარამიამ აღნიშნა, რომ ყველა კითხვაზე აპირებს პასუხის გაცემას.
„რასაც მკითხავენ იმაზე ვუპასუხებ, რაც მახსოვს თან იმას, იმიტომ, რომ არის ლაპარაკი 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე, რაც ყველა კომპანიაში ფინანსური ხელმძღვანელობის საქმეა. რაც მახსოვს ყველაფერზე ვიტყვი, ავხსნი, პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო და მით უმეტეს უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალს მე არ ვტოვებ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა მოწმის სტატუსის ბრალდებულის სტატუსით შეცვლას და გამორიცხავს თუ არა, რომ მისი დაკავება დღესვე მოხდეს, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ის ამ შესაძლებლობას უშვებს.
გამოძიება „რუსთავი 2“-ის ყოფილი 9 %-იანი წილის მესაკუთრის ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიწყო, საქმეს დაერთო მოქმედი გენერალური დირექტორის განცხადებები, დოკუმენტებში საუბარია შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე, - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა