შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ბებია-ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი და ა.შ. - ასე ხსნის მამუკა ბახტაძე საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთიდან ფრენების 600 000 ევროთი სუბსიდირებას.
პრემიერის თქმით, რუსეთში მცხოვრებ ბევრ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა დაგეგმილი ზაფხულში სამშობლოში დაბრუნება. როგორც ბახტაძე განმარტავს, ტურისტულ კომპონენტზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ ამ გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი მიზანი კი რუსეთში მცხოვრები ქართველების დახმარება იყო.
"ეს არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშრდება ელემენტარულ პასუხისმგებლობას და ჩვენს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე. იცით, რომ ბევრი ქართველი და საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ჩვენ ვართ ზაფხულის პერიოდში. ბევრი მათგანი გეგმავდა და გეგმავს, დაბრუნდეს საქართველოში და ზაფხული გაატაროს თავის ოჯახთან; შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ბებია-ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი და ა.შ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენს მოქალაქეებს მსგავსი პრობლემები ექმნებათ, გვერდში ამოვუდგეთ. მით უმეტეს, როდესაც ეს პრობლემები ხდება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. რუსეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობას ჰქონდა დაგეგმილი ზაფხულში საქართველოში ჩამოსვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ვალდებულები დავეხმაროთ მათ", - განმარტავს მთავრობის მეთაური.