მოსკოვში აქციის დაშლასთან ერთად სამართალდამცავები აქტივისტების ბინებში ჩხრეკას ატარებენ. ამ დროისთვის დაკავებულია 390-მდე ადამიანი, აქედან 6 ჟურნალისტია, მათ შორის სამი უცხოელი.
დაკავებულია კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (ალექსეი ნავალნის დაარსებული ორგანიზაცია) იურისტი ლიუბოვ სობოლი. ისევ დააკავეს დეპუტატების დაურეგისტრირებელი კანდიდატი კონსტანტინ იანკაუსკასი, რომელმაც მთელი გასული კვირა ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაატარა. დააკავეს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ხელმძღვანელი იგორ კალიაპინი. ცნობილი გახდა ისიც, რომ მოსკოვის პოლიციის ორ რაიონულ განყოფილებაში დაკავებულებთან ადვოკატებს არ უშვებენ.
შეგახსენებთ, მოსკოვში ოპოზიციის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა, რომლის მონაწილეები საქალაქო სათათბიროში დეპუტატობის ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმას აპროტესტებდნენ.
ამასთან, ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ წინააღმდეგ საგამოძიებო კომიტეტმა „თანხების ლეგალიზაციის“ ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, რომ ლაპარაკია დაახლოებით მილიარდ რუბლზე.
გამოძიების ვერსიით, ფონდის თანამშრომლებმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა 2016-2018 წლებში მესამე პირებისგან მიიღეს მსხვილი თანხები რუსულ რუბლებსა და უცხოურ ვალუტაში, რომლებიც დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული. ეს ფული ბანკომატებით შეიტანეს ანგარიშებზე და შემდეგ ფონდის მიმდინარე ანგარიშებზე ჩარიცხეს.
ნავალნის შტაბში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას სურს მთელი შემოწირულება, რომელიც ოფიციალურად მათ ანგარიშზე ირიცხებოდა, გააფორმოს როგორც „გათეთრება“ და ამით რეგიონული შტაბების დაფინანსება შეუძლებელი გახადონ.
წყარო: IPN