"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ობიექტურად იმსახურებს ჰქონდეს უფრო ძლიერი ეროვნული ვალუტა" - ფხაკაძე

“დღევანდელ ლარის გაცვლით კურსში დევს ნეგატიური “მოლოდინების პრემია” და ეს პრემია უნდა მოხსნას ეროვნულმა ბანკმა საკუთარი სავალუტო ინტერვენციებით,“ — აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

“ბოლო პერიოდში საკმაოდ შემაშფოთებელი იყო ვითარება საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე. და ეს ხდება მაშინ, როდესაც მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებენ სავალუტო კურსის ასეთ დინამიკას. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ფისკალური დისციპლინის ჩათვლით, არის ჯანსაღი. მიუხედავად ამისა, ლარის კურსის ის ნიშნული, რაც დღეს გვაქვს არანაირად არ ასახავს სინამდვილეში არსებულ მაკროეკონომიკურ სიჯანსაღეს. ამას გარდა, ვფიქრობთ ობიექტურია ითქვას, რომ საგარეო შოკი დღეს სახეზე არ გვაქვს. ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გამყარებულია ეროვნული ვალუტა. ამის პარალელურად, მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ორ ქვეყანას შორის ავიარეისების აკრძალვა გადაიზრდებოდა სავაჭრო ემბარგოში, საბედნიეროდ, არ გამართლდა. რაც შეეხება ტურისტულ ნაკადებს: როგორც დღეს გახდა ცნობილი მიმდინარე წლის ივლისის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა ტურისტული ნაკადების მატება. ამ ყველაფრის ფონზე, ცალსახაა რომ დღეისათვის შიდა სავალუტო ბაზარზე მოქმედ ლარის გაცვლით კურსში დევს “მოლოდინების პრემია”, რაც განპირობებულია ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი მთელი რიგი ნეგატიური მოლოდინებით. ასეთ დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის გაცვლითი კურსის რეჟიმი არსებობს ქვეყანაში, ცენტრალური ბანკი, ბუნებრივია, უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და გააკეთოს ინტერვენცია უცხოური ვალუტის მიმართ.



ჩვენ მივესალმებით გასულ კვირაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას და ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მანამ სანამ ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები გვიწყობს ხელს და მინიმიზირებულია საგარეო შოკის კუთხით მოსალოდნელი ნეგატიური ზეგავლენა. ვერავინ იტყვის იმას, თუ რა კურსზე შეიძლება ჩამოყალიბდეს ლარის წონასწორობის ახალი ნიშნული, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც ვთქვით, დღევანდელ ლარის გაცვლით კურსში დევს ნეგატიური “მოლოდინების პრემია” და ეს პრემია უნდა მოხსნას ეროვნულმა ბანკმა საკუთარი სავალუტო ინტერვენციებით. ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ვალდებულებაც, რაც უნდა გააკეთოს ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა. ლარის დევალვაციის გამო მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული მსყიდველობითი უნარი, რაც უაღრესად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ნებისმიერი სახის ბიზნესზე და ეს ვითარება ყველამ კარგად უნდა გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ.

2014-2018 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ გონივრულად იმოქმედა. გაცვლითი კურსის კორექციის გზით განხორციელდა უაღრესად მძიმე საგარეო შოკების შთანთქმა და საქართველო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული გამოვიდა ამ პროცესებიდან. დღეს ვითარება არის შეცვლილი და, შესაბამისად, საჭიროა სხვა ტიპის სავალუტო პოლიტიკის განხორციელება. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს, როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ასევე საქართველოს მთავრობასთან და ბუნებრივია, ყველანაირად შევეცდებით ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ შიდა სავალუტო ბაზარზე ვითარების დარეგულირების საქმეში. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ობიექტურად იმსახურებს ჰქონდეს უფრო ძლიერი ეროვნული ვალუტა, ვიდრე ის მას დღეს აქვს. დარწმუნებული ვართ, ეროვნული ბანკის, მთავრობისა და ეკონომიკური სუბიექტების ერთობლივი ძალისხმევით უახლოეს დღეებში მოხერხდება ლარის კურსის კორექტირება დაწევის მიმართულებით,” - აღნიშნავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

წყარო: კომერსანტი

დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345