არავის სურს პრობლემები და დასავლელი პოლიტიკოსების ძირითადი ინსტიქტიც ის გახლავთ, რომ ერიდონ, დააიგნორონ პრობლემები, ან თავი ისე წარმოაჩინონ, თითქოს მათ ვერ ხედავენ, ან ეს პრობლემები არარეალურია, - ამის შესახებ საქართველოს ექს -პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა კითხვა აგვისტოს ომის დროს დასავლეთის რეაქციაზე დაუსვა.
კითხვაზე, გაუცრუა თუ არა დასავლეთმა მას იმედები ამ წლების განმავლობაში, სააკაშვილმა უპასუხა, რომ დასავლეთის მიმართ თავდაპირველი ენთუზიაზმი გაუქრა, თუმცა დღესაც მიიჩნევს, რომ დასავლელი ლიდერები მაინც საუკეთესოები არიან თანამედროვე სამყაროში.
„ზოგჯერ ისინი ფარისევლობას იჩენენ, აქვთ ორმაგი სტანდარტები. თუმცა ისინი საუკეთესოები არიან თანამედროვე სამყაროში,“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
აგვისტოს ომის შესახებ დასმულ კითხვაზე - წამოეგო თუ არა სააკაშვილი პროვოკაციას და წააქეზა თუ არა ის რუსეთმა, ექს-პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს სიმართლეს არ შეესაბამება.“
„ტალიავინის დასკვნამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა. მათ განაცხადეს, რომ ომი საქართველოდან დაიწყო, თუმცა რუსული ჯარი იმ დროისთვის უკვე იქ იმყოფებოდა. უკაცრავად, რას გულისხმობენ ამაში? რუსეთის სცენარი ძალიან მკაფიო იყო. ეს იყო არტიკულირებული, არა სპეკულირებული. კოკოითმა [სამხრეთ ოსეთის მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა] თქვა,”ჩვენ გავასუფთავებთ ხეობებს ბანდიტებისგან”- მათი სცენარი იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრა, მაგრამ ამ შემოჭრის შენიღბვა ოსური ძალების ადგილობრივების გარკვეულ ჯგუფთან დაპირისპირებით სურდათ“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა: „ერთ-ერთი შეცდომა, რაც დავუშვით ის იყო, რომ ჩვენ მზად არ ვიყავით. ჩვენი შიში ქრონიკული გახდა და ჩვენ მზად არ ვიყავით იმისთვის, რაც მოხდა. ძალიან დაძაბული ვიყავით“.
წყარო: IPN