ყვარელში პოლიცია 19 წლის გიორგი მამულაშვილს ეძებს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამულაშვილი სახლიდან 27 აპრილს, თბილისში წასვლის მიზნით გავიდა, რის შემდეგაც აღარავის უნახავს.
გიორგი მამულაშვილის დის თქმით, მის ძმას ცოტა ხნის წინ, ჩხუბი მოუვიდა და 28 აპრილს, აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მისი პირობითი მსჯავრის შეფარდების საკითხი უნდა განეხილა.
„გიორგი სახლიდან ორშაბათს დილით, დაახლოებით 10-ის ნახევარზე გავიდა. რამდენიმე თვის წინ, დიღმის მასივში ჩხუბი მოხდა, რის გამოც, მისი ძმაკაცი დაიჭირეს. გიორგის ჯერ მოწმის სახით კითხავდნენ, ორი თვის შემდეგ კი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს ბრალი. სამშაბათს უზენაეს სასამართლოში პროცესი იყო დანიშნული, სადაც გიორგის პირობითი მსჯავრის შეფარდების საკითხი უნდა განეხილათ. მანამდე კი ადვოკატს უნდა შეხვედროდა და ორშაბათს თბილისში ამ მიზნით წავიდა. ყველგან ვეძებეთ, მაგრამ ვერსად მივაკვლიეთ“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი მამულაშვილის დამ ანა მამულაშვილმა.
ოჯახის წევრები მოუწოდებენ მოსახლეობას, დაკარგულის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ნომერზე 598 64 17 58.
წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

|