ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალური ქსელების მომხმარებელი (და არა მარტო) ააღელვა გალელი გოგონას ისტორიამ, რომელიც ჩვილ ბავშვთან ერთად ყვავილებს ყიდდა და რომელიც ნაძალადევის რაიონში ძმობის II შესახვევში საშინელ პირობებში ცხოვრობდა.
ამჯერად კი სოციალურ ქსელში გოგონას შესახებ ვრცელდება რეალური ამბავი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებელი ძალიან აღაშფოთა.
ამ ისტორიას იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ავრცელებს რომელიც გოგონას დაეხმარა.
როგორც უკვე გითხარით, ჩვენ მასთან გუშინ ვიყავით და პოსტში გავაჟღერეთ, რომ მალე ყველაფერს მოგიყვებოდით, სინამდვილეში ის რაც ხდებოდა. გუშინდელიდან მოყოლებული, უამრავ გვერდზე დაიდო კომენტარი იმ ადამიანებისგან, ვინც იქ იყო, რომ საეჭვო ვითარება დახვდათ ძალიან... და ჩვენც გადავწყვიტეთ, ვთქვათ, რა იყო საეჭვო იმ სახლში და როგორ განვითარდა მოვლენები.
ჩვენს ჯგუფს თან ახლდნენ გლდანი-ნაძალადევის რაიონის სოციალური მუშაკები, რომლებსაც უნდა უზრუნველეყოთ დედის და ბავშვის გადაყვანა თავშესაფარში, მამის ჩამოსვლამდე (როგორც მოგეხსენებათ, თამთამ განაცხადა, თითქოს მისი ქმარი დაკავებული ჰყავდათ აფხაზებს და ითხოვდნენ გამოსასყიდს 20000 ლარის ოდენoბით)...
როგორც მოგახსენეთ ადგილზე მისულებს, საშინელი, ენით აუწერელი სიტუაცია დაგვხვდა, (სახლის და ეზოს პირობების ამსახველი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ გუშინდელ პოსტზე). მაგრამ როგორც ყველას, ჩვენც საეჭვოდ მოგვეჩვენა შემდეგი ვითარება : სახლის იმ ნაწილში, სადაც თამთა დაგვხვდა, არ იყო მისი პირადი ნივთები, საწოლზე ეგდო მხოლოდ ბავშვის ადიელა, ტუმბოზე ჰუმანას ორი კოლოფი, და ღუმელზე თასით წყლის ტოლჩა და გაუხსნელი საპნები (რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ნივთები იყო ახალი მიტანილი და თვალში მოსახვედრ ადგილზე სპეციალურად დადებული). საეჭვო იყო ასევე ის გარემოება, რომ საწოლის კუთხეში იდო ხელჯოხი, და ქვეშ ეწყო დაგლეჯილი ოთახის ჩუსტები, ლეიბის ქვეშ იყო დამალული მამაკაცის ტანსაცმელი, ტუმბოშიც მამაკაცის საცვლები და სათვალე, ფანჯრის რაფაზე საფერფლე, და რამდენიმე ღერი უფილტრო სიგარეტი... ეზოშიც მამაკაცის ტანსაცმელი იყო გაფენილი, არადა საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ სახლის პატრონი მარტო ცხოვრობდა...
გარდა ამისა, თამთას პასუხებიც არეული, დაულაგებელი და საეჭვო იყო... თავიდან ვიფიქრეთ, რომ გოგონა შიშმა და გაჭირვებამ დააბნია, მაგრამ ნელ-ნელა ძალიან შეუსაბამო პასუხები გამოიკვეთა... ჯერ თქვა, რომ დედამთილი გორში ცხოვრობდა და თამტა სახლიდან გამოაგდო, ცოტა ხნის შემდეგ ვკითხე შენი ტანსაცმელი სად გაქვს მინდა ვნახო რა გჭირდება მეთქი და მიპასუხა, დედამთილთან მაქვს გადატანილი გასარეცხადო... თურმე სიმართლე წამოსცდა და იმ წუთში ყურადღება ვერ მივაქციეთ, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი გაირკვა, მაგრამ მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით... ვიცოდით, რომ ჩვენი ჯგუფიდან, რამდენჯერმე იყვნენ გოგოები ასულები დასახმარებლად, სხვა კეთილის მსურველებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, და ძალიან ბევრი რამ მიუტანეს, თუმცა ვერსად ვერაფერს ვხედავდით. კითხვაზე, სად ჰქონდა ის ნივთები შენახული, გვითხრა რომ ხაზეიკასთან არის გატანილი, აქ ადგილი არ მაქვს შესანახიო. ქალბატონ მარინას ვთხოვეთ ეჩვენებინა ჩვენთვის ყველაფერი, იმ მიზეზით, რომ გვენახა, კიდევ რა ესაჭიროებოდა თამთას, და რეაგირება მოგვეხდინა... სახლში არ შეგვიშვა, ძაღლი ხალხს კბენსო და ფანჯრიდან დაგვანახა იატაკზე მიყრილი პამპერსები და ათასი რამ....
ამასობაში ჩვენი დაგვიანებული ჯგუფის წევრი შემოგვიერთდა, რომელსაც დავალებული ჰქონდა ოჯახზე ინფორმაცია შეეკრიბა და აღმოჩნდა, რომ ქალბატონ მარინას ჰყავდა 38 წლის შვილი და ორივე ძალიან ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა უბანში, არავინ ემეზობლებოდა, არავის უყვარდა და ყველა ერიდებოდა. კიდევ სხვა მძაფრი და საშინელი ამბები გაირკვა, თუმცა ამის დაწერისგან თავს შევიკავებ, ეს უკვე გამოძიების საქმეა... სოციალური მუშაკების თხოვნაზე, წასულიყო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, გოგონამ კატეგორიული უარი განაცხადა. ჩემი ქმარი საბუთების არ ქონის გამო იყო დაკავებული და ახლა მოაწესრიგა ყველაფერი ჩემი ძმის დახმარებით, და ერთ კვირაში ჩამოვაო... აბა გამოსასყიდი? გავიოცეთ ყველამ. თამთა დაიბნა, ხო გამოსასყიდსაც აღარ ითხოვენო...
მუშაკების თხოვნაზე, ეჩვენებინა საბუთები, თამთამ ხაზეიკას დაუძახა, რომლისგანაც საშინელი რეაქცია მივიღეთ, ლამის გამოგვყარა, და კატეგორიულად გამოგვიცხადა, ყველას უთხარით, აქ აღარავინ მოვიდეს, თუ ვინმეს რამეს მოტანა უნდა, თამთა გაიყვანოს, სხვაგან გადასცეს და ეს მოიტანს სახლშიო... მოკლედ, რომ იტყვიან ყველა გზა მოგვეჭრა, რომ გოგონა ბავშვთან ერთად თავშესაფარში გადაგვეყვანა. ისიც კი ვცადეთ, შეგვეშინებინა, თუ არ დასთანხმდებოდა, ბავშვს წაართმევდნენ და გადაიყვანდნენ ბავშვთა სახლში, სადაც შეძლებდა ნებისმიერ დროს მის ნახვას, მაგრამ სანამ ცხოვრების პირობებს არ მოიწყობდა, წამოყვანის უფლებას არ მისცემდნენ.... ბოლოს ვთხოვეთ, რომ ქირით მაინც წამოგვყოლოდა სადმე დროებით, ამასობაში ქმარიც ჩამოვიდოდა.... შევატყვეთ რომ ეს ჭკუაში დაუჯდა, თითქოს მოეწონა და გვითხრა ქირით წამოვალ, ჩემს ქმართან ერთად, ოღონდ ისევ ამ ტერიტორიაზეო... საშინლად გულდამძიმებულები წამოვედით, სოციალური მუშაკები ჩამოვსვით და გზა განვაგრძეთ...
უცებ ზარის ხმა გაისმა და თამთა!... "გოგონებო, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, საზღვარგარეთის პასპორტი გამაკეთებინეთ, და დედასთან დავბრუნდები აფხაზეთში.... მანამდე კი წამოგყვებით სადაც მეტყვით, თუნდაც თავშესაფარში... " ისეთი გამოცოცხლებული და ხალისიანი ხმა ჰქონდა, იმედი მოგვეცა, რომ როგორმე შევძლებდით მის დახმარებას, მაშინვე სოციალურ მუშაკს დავურეკეთ და ვთხოვეთ, როგორმე გადაეყვანათ თავშესაფარში, საბუთებისთვის საჭირო თანხას ჩვენ ვიღებდით ჩვენს თავზე, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთ თავშესაფარში ადგილი არ აღმოჩნდა თბილისში, მხოლოდ ქუთაისში იყო შესაძლებელი მისი მოთავსება... ან იყო მეორე ვარიანტიც, სოციალური სამსახური გვთავაზობდა გვეშოვა ბინა 200 ლარის ფარგლებში და ხელშეკრულების საფუძველზე თავად გადაიხდიდნენ თანხას, რაც დროში იწელებოდა (ბინის შოვნა, მერე მეპატრონის დათანხმება ხელშეკრულების გაფორმებაზე სოც. სამსახურთან და ასე შემდეგ...), ამიტომ თამთასთან და სოციალურ მუშაკებთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, რომ ორშაბათსვე წაგვეყვანა თამთა იუსტიციის სახლში, და დაჩქარებული წესით გაგვეკეთებინა პასპორტი, მერე კი ერთად ვიზრუნებდით მის გამგზავრებაზე, რა თქმა უნდა მის მშობლებთან საუბრის და შეთანხმების შემდეგ... გამოვართვით დედის ნომერიც, მაგრამ სამწუხაროდ, ნომერი მთელი საღამო გამორთული იყო, გვიან ღამით კი ისეთი რამ მოხდა, დედასთან დაკავშირებამაც აზრი დაკარგა... მოკლედ, სახლებში მოსულს ჯგუფში ასეთი კომენტარი დაგვხვდა: " მარინა არის თამთას დედამთილი, ქმარი კი სახლშია და იმალება, ამ გზით ირჩენენ თავს, ყველას ეცოდება ბავშვი და გოგონა და ყველა ეხმარება.
მართლა მარტოხელა დედა ჰგონია ხალხს. ბანკში ვალები აქვთ და ამიტომ მოიგონეს იმ კაცის გატაცების ამბავი..." თავზარი დაგვეცა, შევიკრიბეთ, განვიხილეთ ყველაფერი, გაგვახსენდა, რომ ფანჯარაზე ბინასთან დაკავშირებული სასამართლო სარჩელი იდო, ქალბატონი მარინაც 5000 ლარამდე ვალზე საუბრობდა და გვთხოვდა, იქნებ ამ გოგოს წყალობით მეც მეშველოს რამეო... მოკლედ ყველაფერი რომ შევაჯამეთ, სარწმუნო გვეჩვენა ეს ინფორმაცია და სოციალური მუშაკიც საქმის კურსში ჩავაყენეთ... ამასობაში კი არ წყდებოდა საეჭვო ვითარების ამსახველი კომენტარები: "თამთას დავურეკეთ და ჯერ კაცმა გვიპასუხა".... "ძალიან საეჭვოა რაც იქ ხდება ხალხო, ის ქალი არ არის მისი ხაზეიკა, გვატყუებენ და ჩვენი სიკეთით სარგებლობენ..."
ჰოდა ერთ-ერთმა ჩვენგანმა თამთასთან დარეკა, ვითომ გამომძიებელი იყო და მისი ქმრის ამბავი აინტერესებდა, შეშინებულმა ტელეფონი გათიშა და იმწამსვე დაგვირეკა მისთვის ნაცნობ ნომერზე, გამომძიებელმა დამირეკაო, შეშინებული იყო, ჩვენ დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, და უცებ ტელეფონში მარინას ხმა გავიგეთ "ხომ არავინ გაიგო"... რა უნდა გაგვეგო??? და ვირწმუნეთ, რომ ყველაფერი სიმართლე იყო, რაც დაიწერა მათი თაღლითობის შესახებ...
თამთა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, იქნებ ბანკის იურუდიული სამსახურიდან რეკავდნენ-თქო და დილის გათენებას დავედლოდეთ... მაგრამ ვინ გაცადა გათენება... თამთას მეზობელმა ჯგუფში დაწერა : " გოგოებო, ტაქსი გამოიძახეს, ჩასხნენ მარინა, მისი შვილი, კიდევ ერთი კაცი და თამთა, რომელსაც მარინამ ჩაჯდომისას დაუძახა: ჩქარა სოფო, შვილო, რაღას აკეთებ... "
დღეს დილიდან საქმეში სამართალდამცავები ჩაერივნენ... იმედია მიაგნებენ და გაირკვევა სიმართლე... მაგრამ მე ყველაზე მეტად პატარა, სუსტი და უმწეო ბავშვის თვალები მაფორიაქებს, სუფთა და ალალი, როგორც მარგალიტი ტალახში.....
როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი გოგონა ამჯერად ზუგდიდში, მამის დეიდასთან იმალება.
წყარო: newposts.ge
