XXI საუკუნის დასაწყისში თბილისში დააკავეს ქალი, რომელსაც თავდაპირველად ერთ, გამოძიების დასასრულს კი ოთხ მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. ექსპერტის დასკვნით, რუსუდან თბილელი ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო.
2001 წლის დასაწყისში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სამმართველოში მკვლელობის შესახებ შეტყობინება შევიდა
რუსუდან თბილელი, რომელიც თავად დიღმის მასივში ცხოვრობდა, ფოთის ქუჩაზე მარტოხელა ქალს, ვალენტინა ბელიაევას მეურვეობდა იმ პირობით, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ბინა დარჩებოდა. ერთ დღეს მეურვემ ვალენტინა წაიყვანა და მას შემდეგ მოხუცი აღარავის უნახავს. შეშფოთებულმა მეზობლებმა რუსუდანთან მოიკითხეს. დამწუხრებულმა თბილელმა აუწყა, გარდაიცვალაო (მიცვალებული შინ ესვენა). მეზობლები დაეჭვდნენ - რა მოკლავდა ჯანმრთელ ქალსო და საქმის გასარკვევად პოლიცია გამოიძახეს.
ექსპერტებმა გვამის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომ მოხუცი მოკლული იყო - გულმკერდის არეში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რუსუდანი თავდაპირველად უარყოფდა, შემდეგ აღიარა, რომ ბელიაევა ფოთის ქუჩიდან შინ წაიყვანა და მერე იარაღით მოკლა. თქვა, - ვალენტინა სიცოცხლეს მიმწარებდა, გამუდმებით მეჩხუბებოდა და სხვა გზა არ მქონდაო. როგორც ძიებისას გაირკვა, თბილელმა ბინა თაღლითურად ჩაიგდო ხელში - ნოტარიუსთან ბელიაევას ბინის გადასაფორმებლად თავად ბელიაევა კი არა, სხვა რუსი ქალბატონი მიიყვანა, რომელსაც გაწეული სამსახურისთვის”200 დოლარი გადაუხადა.
შოთა გენგაშვილი, საქმის ყოფილი გამომძიებელი: - თბილელის დაკავების შემდეგ მისი გარაჟი გავჩხრიკეთ, სადაც ნახევრად დაშლილი უნომრო ავტომანქანა აღმოჩნდა. დაკავებულმა შემოგვითვალა, - ოღონდ ავტოფარეხს თავი დაანებეთ და პატივს გცემთო. მერე გამოტყდა, იქ გვამია ჩამარხულიო. მართლაც, გავთხარეთ მიწა და მამაკაცის ოთხად გადახერხილი გვამი ვიპოვეთ. დადგინდა, რომ ის იყო ექიმ ანდრო ჭანტურიას ცხედარი, რომელსაც დიდი ხანია ეძებდნენ.
თბილელმა დეტალურად აღწერა, როგორ მოკლა ექიმი. როგორც დადგინდა, შინ შეიტყუა, თითქოს ბინა უნდა მიეყიდა. ჭანტურიას თავში 2 ტყვია ჰქონდა ნასროლი იმავე იარაღით, რომლითაც ბელიაევა იყო მოკლული. ექიმის მკვლელობის მოტივიც არ გარკვეულა(?!), თუმცა, სავარაუდოა, რომ ეს ანგარებით გააკეთა - მისი ავტომანქანა მიითვისა!
ძიებისას გაირკვა, მკვლელი ჩანაწერებს აკეთებდა, სადაც მის სამსხვერპლოებზე, მკვლელობის მოტივებსა და საკუთარ განცდებზე საუბრობდა. იდუმალებით მოცული ავტოფარეხის ჩხრეკისას კრიმინალისტები წააწყდნენ თბილელის დღიურს, რომელიც მან დაპატიმრებამდე დახია, ცელოფანის პარკში ჩაყარა და გარაჟში მდგარ ღუმელში შეჩურთა. სამართალდამცველები თვეზე მეტხანს აწყობდნენ და აწებებდნენ ქაღალდის ნაგლეჯებს და საბოლოოდ, 10 გვერდი აღადგინეს. დღიურის მეშვეობით მესამე მკვლელობაც გაიხსნა - რუსუდანს თავისი იარაღით მოკლული ჰყავდა ზესტაფონელი ლევან გიორგაძე, რომელიც ელიავას ბაზრობაზე მუშად მუშაობდა.
ამონარიდი სერიული მკვლელის დღიურიდან: "ლევანი დავიქირავე ელიავას ბაზრობაზე. თავი მომაბეზრა, საშინელება იყო მასთან სექსი, საზიზღარი იყო, ერთი ჭუჭყიანი და აყროლებული, არ ბანაობდა, ქოთდა და ძალიან შემაწუხა. ეს იყო მისი ბოლო სექსი!"
თბილელმა მამაკაცი საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ჯიბიდან 50 ლარი ამოაცალა, მისი ნივთები კი გაყიდა.
გამომძიებლებმა ფაქტის გადასამოწმებლად ავტოფარეხს სახურავი გადახადეს და კვალის ძიებას შეუდგნენ. მიაკვლიეს ადამიანის ძვლის ფრაგმენტებსა და დამწვარი მაისურის ნაფლეთს.
რუსუდან თბილელს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა. დადგინდა, რომ იგი შერაცხადი იყო. დასკვნაში ექსპერტმა მხოლოდ ის ჩაწერა, რომ ბრალდებულს მანიაკური გადახრები ჰქონდა.
სერიული მკვლელის ბინიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ხელთათმანები, ხერხი სისხლის კვალით, ტყვიები და სხვა ნივთმტკიცებები. გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა საიმისოდ, რომ თბილელისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ.
ამასობაში გამოძიებამ მეოთხე მკვლელობაზეც დაიწყო მუშაობა, რომელიც, სავარაუდოდ, თბილელის პირველი "საცდელი" მკვლელობა უნდა ყოფილიყო. ეს მკვლელობაც ქალის დღიურმა გამოააშკარავა: "იარაღი ვიყიდე და გამოვცადე, კმაყოფილი ვარ. ვესროლე თუ არა, ეგრევე მოხვდა. ჯერ დავაგდე, მერე ხელ-ფეხი შევუკარი, რადიატორზე მივაბი, ვესროლე. ეს იყო კარგი სინჯი".
მეოთხე საქმის გახსნა ვეღარ მოხერხდა, რადგან დღიურში, ქაღალდის ის ნაგლეჯი, სადაც პირველი მსხვერპლის გვარ-სახელი ეწერა, დაიკარგა. ისიც ვერ გაირკვა, მოკლული ქალი იყო თუ კაცი. თბილელმა ამ მკვლელობის შესახებ დუმილის უფლება გამოიყენა.
წყარო: newposts.ge
