„ახალი მემარჯვენეების“ შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ცენტრალურ ხელისუფლებას ატენის ხეობის და საზღვრისპირა სოფლების დახმარებისკენ მოუწოდებს
„ახალი მემარჯვენეების“ შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იოსებ ბორცვაძე ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაუწიონ დახმარება სეტყვისა და წყალდიდობისგან დაზარალებულ ატენის ხეობის და საზღვრისპირა სოფლებს. ამასთან დაკავშირებით იოსებ ბორცვაძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„ შიდა ქართლში სტიქიამ საზღვრისპირა სოფლების შემდეგ, ამჯერად ატენის ხეობის სოფლები დააზარალა. სეტყვისგან და წყალდიდობისგან პრაქტიკულად განადგურებულია ნათესები, ხეხილის ბაღები. მოვარდნილმა ნიაღვრებმა დააზიანა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაგებობები. მოსახლეობა, რომელიც თავს ძირითადად შინა მეურნეობით ირჩენს, წელს შემოსავლის გარეშე დარჩება თუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე არ მოხდა მათი დახმარება, არ გამოიყო თანხები, არ შეეწყოთ ხელი, რომ ხელახლა დაითესოს ცალკეული კულტურები, რომელთა მოყვანის აგროვადები ჯერ კიდევ არსებობს.
მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა და მუნიციპალიტეტის რესურსები ამ პრობლემების მოგვარებას ვერ უშველის. არათუ ატენის ხეობის, არამედ საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა სტიქიის მსხვერპლი, დღემდე უყურადღებოდაა მიტოვებული. ჩვენს ქვეყანაში ტრადიციად დამკვიდრებული განცხადებების კეთება: „სტიქიისგან მოყენებული ზარალი დაითვლება და მოხდება კომპენსირება“ ასეთ რთულ ვითარებაში არ გამოდგება, რადგან ეს პროცესი, როგორც წესი, თვეობით ჭიანურდება და არაეფექტურია. არც ერთ სამინისტროს, რომელთაც ეხება დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, ჯერ-ჯერობით არანაირი ყურადღება არ გამოუჩენია.
მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ მოხედოს გორის რაიონის მოსახლეობას, რომელიც ისედაც ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგას.. დრო არ ითმენს! საჭიროა უსწრაფესად შეიქმნას კომისია, რომელიც ოპერატიულ ღონისძიებებს განახორციელებს მოსახლეობის დასახმარებლად“.

|