ტერორისტული აქტი მოხდა სტამბულში. ათათურქის აეროპორტის ტერიტორიაზე სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომატური იარაღიდან მგზავრების მიმართულებით სროლა დაიწყო, რასაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისგან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. შედეგად, ორმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. ბოლო მონაცემებით აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. დაღუპულთა რიცხვი კი 50-მდეა გაზრდილი. ათათურქის აეროპორტში დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით ტერაქტები „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული. თურქეთში ღამით მომხდარი ტერაქტი რიგით მერვეა 2016 წლის განმავლობაში. სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა დღეს დილიდან განაახლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აეროპორტში განაცხადა. თურქეთის პრემიერის ინფორმაციით, აეროპორტმა ავიარეისების მიღება და გაშვება უკვე დაიწყო. სტამბულში მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მწუხარებას გამოთქვამენ.
|