დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების მიერ 8
ივნისს დაკავებული გიორგი გიუნაშვილის ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა
დაკავებულის მეზობლები მის ტერორისტულ-დივერსიულ საქმიანობას გამორიცხავენ. როგორც
ისინი ამბობენ, გიუნაშვილი 8 ივლისს სოფელ დისევის მახლობლად იმყოფებოდა, რა დროსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებულმა სამხედრო დანაყოფებმა
შეამჩნიეს და დააკავეს. მათივე მტკიცებით, სოფელ დისევიდან, 2008 წელს, რუსეთ საქართველოს
ომის დროს, ოჯახმა საკუთარი საცხოვრებელი ფართიდან
ვერაფრის წამოღება ვერ მოასწრო, მათ შორის, ვერც საბუთების. ისინი ვარაუდობენ, რომ
ოკუპანტებმა პირადი ნივთები მისივე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში იპოვეს, რის შემდეგაც
ბრალი წაუყენეს.
ამჟამად, გიუნაშვილების ოჯახი ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში
ცხოვრობს. მისი მეზობლის, ვასილ ოქროპირიძე ინფორმაციით, გიორგი გიუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
სავალალო მდგომარეობაშია. სოფელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მათი ინფორმაციით, გიუნაშვილი საოკუპაციო ძალებმა
8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, ხოლო ცენტრალური ხელისუფლების
წარმომადგენლების მიერ მისი გათავისუფლების საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე
რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრაზე დაისვა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების
კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან
„იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო
შეიარაღებულ ფორმირებაში - ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში“.
მარიონეტული რეჟიმის ცნობით, დაკავებული გიუნაშვილი
2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. ასევე, 2008 წლის 11 აგვისტოს ცეცხლსასროლი
იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებას
ახორციელებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
ამჟამად მიმდინარეობს ღონისძიებები გიორგი გიუნაშვილის
სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების ყველა ასპექტის
დასადგენად“, - ნათქვამია განცხადებაში.