ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი გახსნილია

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილი იქნა 2005 წელს საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე. მთავარმა პროკურატურამ დღეს, 24 აპრილს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა ვალერი გელაშვილის ინტერვიუ, სადაც მან ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრებისა და პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის დეტალებზე. აღნიშნულის გამო შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლების მონაწილეობით დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა დანაშაულებრივ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ამასთან, ერეკლე კოდუამ დანაშაულში ჩართულ პირთა ხელმძღვანელობა დაავალა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს გიორგი სირაძეს. ერეკლე კოდუას ხელმძღვანელობით შემუშავებული გეგმის თანახმად, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები სასტიკად უნდა გასწორებოდნენ ვალერი გელაშვილს და დაუფლებოდნენ მის ყველა ნივთს და დოკუმენტს. 2005 წლის 14 ივლისს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავი, ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება მოახდინეს და თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს. ერეკლე კოდუას დავალებითა და გია სირაძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით ვალერი გელაშვილი ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს და დაუწყეს იარაღის კონდახებით სასტიკად ცემა. აღნიშნული პირები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მისი დაცვის წევრს, მალხაზ ცხაკაიას. სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ერეკლე კოდუას დავალებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ვალერი გელაშვილს მართლსაწინააღმდეგოდ გასტაცეს კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი ავტომანქანიდან გაიტაცეს სხვადასხვა ნივთები. ერეკლე კოდუას მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ქალა - ტვინის ტრამვა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის და შუბლის არეში, ასევე ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა. ერეკლე კოდუას და გია სირაძის აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. ე.კოდუას და გ.სირაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თოთხმეტ წლამდე ვადით. საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად.ეს ინფორმაცია "დიას" საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიაწოდა.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
ივნისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456