ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2016“-ის ღია კარის დღე გაიმართა. სწავლების მიმდინარეობას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაეცნენ. „დიდგორი 2016“-ის ღია კარის დღეს საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები დაესწრნენ. მიწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელობამ ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მათ საშუალება ჰქონდათ, პირადად დაეთვალიერებინათ გენერალური შტაბის მართვის პუნქტი, უშიშროების საბჭო და სიმულაციური ცენტრი. სწავლების პროცესში, რომლის მიზანი ხარვეზების აღმოჩენა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების გატარებაა, 700-მდე სამხედრო პირი და ყველა სამთავრობო უწყების წარმომადგენელი მონაწილეობს.
|