საქართველოს პრეზიდენტმა რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრა საყოველთაო რეფერენდუმის გზით მიუღებელია. სახელმწიფოს მეთაური რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის ქვეყნის კანონმდებლობასაც, სადაც ეს საკითხი უკვე გაწერილია. საინიციატივო ჯგუფი კი, რომელიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდა, აქციებით იმუქრება და ქვეყნის პირველი პირის რეზიდენციის ბლოკირებასაც არ გამორიცხავს. გიორგი მარგველაშვილი ინიციატივის ავტორებთან შეხვედრასაც გეგმავდა, თუმცა ჩანიშნული კონსულტაციები სახელმწიფოს მეთაურმა გააუქმა. ამ გადაწყვეტილებას წინ სწორედ პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული მუქარა უძღოდა. პრეზიდენტის უარის შემდეგ პრემიერს კანონი აძლევს უფლებას, მთავრობის სახელით ქვეყნის პირველ პირს რეფერენდუმის დანიშვნა მოსთხოვოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას კვლავ პრეზიდენტი იღებს.
|