საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყვიავში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა 2015 წლის ნოემბერში დაიწყო. ამჟამად კლინიკის ძირითადი და დამხმარე შენობები უკვე აშენებულია. დასრულებულია შიდა წყალსადენის, კანალიზაციის, გათბობისა და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებიც და შენობების გადახურვის, შიდა სავენტილაციო სისტემის მონტაჟისა და სხვა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია, ასევე, შენობების შიდა და გარე მოპირკეთების, ეზოს შემოღობვისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. მშენებლობის დასრულების შემდეგ კლინიკა, ერთდროულად, 15 პაციენტის მიღებას შეძლებს. გამყოფი ხაზის მიმდებარედ სამედიცინო ცენტრის არარსებობის გამო, ათობით სოფლის მოსახლეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად გორში ჩასვლა და რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ეს პრობლემა სრულად მოუგვარდება. სამშენებლო სამუშაოებზე 38 ადამიანია დასაქმებული. პროექტი სახლემწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 629 996 ლარია.
|