გონიოში დაკარგული ორი ჯარისკაცის საქმის გამოძიებაში იკვეთება გარემოებები, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ყოველდღიური ინფორმაცია აქვს.რაც შეეხება თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდს, ლევან იზორიას განმარტებით, შესაძლოა მათი ძებნაში მონაწილეობა დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდეს. გეგმური სწავლების დროს დაკარგული სპეციალური ოპერაციების ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო ღონისძიებაში თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის გარდა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი და შსს სასაზღვრო დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები არიან ჩართულნი.
|