ტელეკომპანია „დია“ ახალ სატელევიზო სეზონს არეალის გაფართოებით იწყებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანიის განცხადება მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გავრცელების არეალის გაფართოვებაზე უკვე დააკმაყოფილა. დღეიდან ტელეკომპანია „დია“ ეროვნული ღია საერთო ტელემაუწყებელი გახდა. მისი ყურების საშუალება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ყველა მსურველს ექნება. ტელეკომპანია „დია“ ამ დრომდე ხაშურის მულტიპლექსის საშუალებით და საკაბელო ქსელებით ვრცელდებოდა. კომპანიის მენეჯმენტმა და არხის თანამშორმლებმა, განხორციელებული ცვლილების შესახებ საზოგადოებას საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მიაწოდეს ინფორმაცია. სიახლეა ისიც, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური შიდა ქართლის რეგიონის გარდა, მცხეთა მთიანეთში განვითარებულ მოვლენებსაც გააშუქებს. „დია“ უკვე აყალიბებს მცხეთის ბიუროს, დაწყებულია ახალი ამბების გადამღები ჯგუფების დაკომპლექტება. სამაუწყებლო კომპანია, რომელიც 2 წლის წინ აქტიურად გამოჩნდა სატელევიზიო ბაზარზე, მაყურებელს განახლებულ საეთერო ბადეს პირდება. იწყება არხის სრული რებრენდინგი. იხსნება თბილისის სტუდიაც, სადანაც კვირაში ერთხელ არხის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუ გავა.

|