ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ სამივე ბრალდებული - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე დამნაშავედ ცნო. მერაბიშვილი ორივე წაყენებულ ბრალდებაში გამტყუნდა და მას 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სამივე წაყენებულ ბრალდებაში გამტყუნდა ერეკლე კოდუა, რომელსაც 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ასევე 9 წელი შეეფარდა გია სირაძეს. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ვალერი გელაშვილიც ესწრებოდა. გელაშვილის ცემის საქმეზე ბრალი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც აქვს წარდგენილი, თუმცა, საქმე ორ ეპიზოდადაა დაყოფილი და მისი ბრალეულობა სასამართლოში ცალკე განიხილება. მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს ბრალი 2014 წელს წარუდგინეს. სააკაშვილს და მერაბიშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, კოდუასა და სირაძეს კი სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ყაჩაღობა ედებათ.
|