შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 163-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 6 პირი: 1997 წელს დაბადებული რ.ზ., 1994 წელს დაბადებული მ.ნ., 1996 წელს დაბადებული ბ.მ., 1996 წელს დაბადებული ჰ.კ., 1992 წელს დაბადებული ვ.კ. და 1993 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად, სიტუაცია განიმუხტა.
|