აუცილებელია ტრანსგენდერზე თავდასხმის საქმეში გამოიკვეთოს სიძულვილის მოტივი და მოხდეს საქმის გადაკვალიფიცირება, - ასე გამოეხმაურა საია ორთაჭალაში, ტრანსგენდერზე თავდასხმის ფაქტს. გიორგი გოცირიძე, ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პასუხისმგებლობას პროკურატურასაც აკისრებს. მისი თქმით, უწყებამ უნდა დაადგინოს არსებობს თუ არა ამ საქმეში სიძულვილის მოტივი, შეკრიბოს შესაბამისი მტკიცებულებები და წარუდგინოს სასამართლოს. გოცირიძის მოსაზრებას იზიარებს თამარ კორძაიაც. მისი თქმით, საჭიროა საქმის კვალიფიკაციის ცვლილება და თავდასხმის მოტივის სწორი განსაზღვრა. ტრანსგედერზე თავდასხმას ეხმაურებიან ომბუდსმენის აპარატშიც. უჩა ნანუაშვილის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, აუცილებელია გამოძებამ დაადგინოს აღნიშნულ საქმეში იყო თუ არა სიძულვილის მოტივი.„რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“ კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ საქმის გადაკვალიფიცირება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ორთაჭალაში 32 წლის ტრანსგენდერს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებულს მრავლობითი დაზიანება აქვს ყელის არეში და სახის ძვლები აქვს მოტეხილი. ის მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფება. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
|