გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები 20 სექტემბრიდან, შესაძლოა, 24-საათიან რეჟიმში გადავიდეს - მაქარაშვილი

20 სექტემბრიდან აქცია აუცილებლად გაგრძელდება „ნონ-სტოპ რეჟიმში“. არ არის გამორიცხული, რომ 24- საათიანიც გახდეს, - ამის შესახებ„ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, როგორ შეიცვლება აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, ეს დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა დღის წესრიგში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაც დადგეს, გიგა მაქარაშვილი ამას არ გამორიცხავს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ „იმედია „ქართული ოცნება“ მორიგ შეცდომას აღარ დაუშვებს.“

გიგა მაქარაშვილის ინფორმაციითვე, უახლოეს პერიოდში სხვადასხვა რეგიონში ჩავლენ და საზოგადოებას გააცნობენ, თუ რატომ არის მათი მაქსიმალური ჩართულობა აუცილებელი.

„20 სექტემბერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთელი ამ საპროტესტო მუხტის. ვფიქრობთ, თუ მანამდე გაძლო „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას შენარჩუნების რეჟიმში, 20 სექტემბრის შემდეგ აუცილებლად გაუჭირდება, იმდენი რაოდენობის ადამიანს ველოდებით.

აქცია აუცილებლად მშვიდობიანი იქნება. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ექსტრემისტული დაჯგუფება არ ვართ. ბუნებრივია, სავარაუდო ლოკაცია საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა. იმ ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, რომლებიც შეიკრიბებიან 20 სექტემბერს, აუცილებლად დავიძვრებით რომელიმე მიმართულებით. სადაც უფრო მეტად წუხდება ბიძინა ივანიშვილი, იქ მივალთ“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, აგვისტოში აქცია გადაცემის ფორმატში დარჩება.

ივნისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345