“მუსკომედიის” თეატრმა "მშვენიერი ლედი" ლილი ჩიბალაშვილი დაკარგა

1 აგვისტოს საქართველოს დამსახურებული არტისტი ლილი ჩიბალაშვილი დაკრძალეს. 

„ჩვენი თეატრის "მშვენიერი ლედი" ნამდვილი ვარსკვლავი, უმშვენიერესი ქალბატონი ლილი ჩიბალაშვილი წლების განმავლობაში “მუსკომედიის” თეატრის გამორჩეული მსახიობი იყო და თავისი შემოქმედებით საინტერესო კვალი დატოვა ქართული თეატრის ცხოვრებაში. 

გვეამაყება, რომ ქალბატონი ლილი ჩვენი თეატრის განუყოფელი და ძვირფასი ნაწილია. მის მიერ შექმნილი არაერთი საინტერესო და დაუვიწყარი სახე დიდხანს ემახსოვრება თეატრის ერთგულ მაყურებელს. ვუსამძიმრებთ ქალბატონი ლილის ოჯახს და მის კოლეგებს” - წერს ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის დასი. 

82 წლის მსახიობს „პრაიმტაიმთან“ თეატრის კრიტიკოსი და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე იხსენებს. 

ნიკოლოზ წულუკიძე: - ქართულ თეატრს და კინოს ხომ ჰყავდა უმშვენიერესი მსახიობები, როგორებიც იყვნენ - მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, მედეა ჩახავა, ლია ელიავა - მუსიკალური კომედიის თეატრში აი, ასეთი უმშვენიერესი ქალი იყო ლილი ჩიბალაშვილი. მან თავისი მშვენირებით და ნიჭიერებით დიდი კვალი დატოვა ამ თეატრის ისტორიაში. მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე იყო. 60-70-იან წლებში ლილის სანახავად დადიოდნენ მუსიკალური კომედიის თეატრში. თეატრთან ისეთი ამბავი იყო, წესრიგს მილიცია იცავდა. „ჩემი მშვენიერი ლედი“ იმღერა, დულიტლის როლში იყო და ზუსტად ის კაბა შეუკერეს, ოდრი ჰეფბერნის რომ აცვია ეკრანიზაციაში. უმშვენიერესი იყო ამ როლში და ყველა სპექტაკლი ანშლაგით მიდიოდა. ბილეთს ვერ იშოვიდი, სამი თვით ადრე უნდა გეყიდა. მე მახსოვს, გიგა ლორთქიფანიძის „მეჩექმე გაბოში“ ხუთ წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. ავადმყოფობის გამო სცენას ჩამოშორებული იყო, მაყურებელს აღარ ეგონა, რომ დაბრუნდებოდა. აფიშაზე რომ ნახეს ლილი ჩიბალაშვილი, მაყურებელი მიაწყდა თეატრს და სცენაზე რომ გამოჩნდა, დარბაზი აპლოდისმენტებისგან დაინგრა. თანამედროვედ მოაზროვნე იყო, ჩემს გადაცემაში თქვა, ძველი მუსკომედია დაიშალა, მაგრამ ახალი შეიქმნა და უფრო კარგიო. ძველ დროს კი არ მისტიროდა, ახალ დროს ფეხს უწყობდა. 

- ბოლოს რა ითამაშა?

- ძალიან სუსტად რომ იყო, ვათამაშე სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“. მე სცენარს ვწერდი და ლილი სოსო ლაღიძის გმირის ცოლი ითამაშა. წელს სოსოც გარდაიცვალა და ლილიც... 


წყარო: "პრაიმტაიმი"

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345