"საქართველოში სიძულვილის ენის მთავარი წყარო „ქართული ოცნებაა“
სიძულვილის ენის საკითხთან დაკავშირებული ინიციატივა სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

საარჩევნო საკითხებზე პარლამენტში დღეს გამართულ შეხვედრაზე სიძულვილის ენის პრობლემა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობის საკითხი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დააყენა

კანდელაკის შეფასებით, ეს ჟურნალისტურ საქმიანობასაც ხელს შეუშლის.

„აღნიშნული ინიციატივა საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას. ჩვენი ლიბერალური კანონმდებლობა, რომელიც არ ერეოდა შინაარსში, იმსახურებდა საყოველთაო მოწონებას ევროპაშიც. ეს ინიციატივა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის არამხოლოდ სიტყვის თავისუფლებას, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობასაც, ჟურნალისტებსაც და მედიაორგანიზაციებსაც. ეს არის სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ გაგრძელება, „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივების გამოძახილი და ჩვენ, როგორც პროდასავლური ოპოზიცია, ყოველი მეთოდით, რაც კი გაგვაჩნია, გავუწევთ სასტიკ წინააღმდღგობას ამ მავნებლობას. „ქართული ოცნება“, სიძულვილის ენაზე საერთოდ ვინ საუბრობს“, – განაცხადა კანდელაკმა.

მისი შეფასებით, საქართველოში სიძულვილის ენის მთავარი წყარო არის „ქართული ოცნება“.

„თავის თავზე მოახდინონ ჯერ რეაგირება და მერე ისაუბრონ სხვაზე“, – განაცხადა დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა, რომ სიძულვილის ენის საკითხი ქართულ კანონმდებლობაში რეგულირდება თვითრეგულირებით, რაც ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამება. მისივე განმარტებით, კომუნიკაციების კომისიამ მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით და ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში შეიტანა პარლამენტში, თუმცა ის ამ დრომდე არ გარდაქმნილა ინიციატივად.

შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებულ იქნება ზომები, რათა კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს.

ამასთან, კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში კი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის პირველი ივლისამდე უნდა მიიღოს.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345