გერმანიაში სამკურნალოდ გაგზავნილი გორელი 4 წლის ანდრია დვალიშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, ისინი გარდაცვლილის ცხედარს ამ დრომდე ვერ პოულობენ. ანდრია დვალიშვილი 19 აგვისტოს ორგანიზაციამ "ჯანმრთელი ბავშვები", სამკურნალოდ წაიყვანა.
ინფორმაციას გარდაცვლილის მშობლები ვერც ორგანიზაციისგან და ვერც საკონსულოსგან ვერ იღებენ. ოჯახის წევრების თქმით, ბავშვს სასუნთქი გზების პრობლემა ჰქონდა და მის მკურნალობას გერმანული ორგანიზაცია უზრუნველყოფდა. მათი ინფორმაციით, ბავშვს გერმანიაში გამოკვლევები ჩაუტარდა და კვირას საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა შაბათს აცნობეს, რომ ანდრია გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ ორგანიზაცია "ჯანმრთელი ბავშვებისგან" ყოველდღიურად სხვადასხვა ინფორმაციას იღებენ.
ბავშვის გარდაცვალების მიზეზი არ იცის იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რომლის დახმარებითაც მცირეწლოვანი სამკურნალოდ გაემგზავრა. "ჯანმრთელი ბავშვის „ ხელმძღვანელი, მედია აბრამია, ამბობს, რომ ასეთი შემთხვევა არ ჰქონია და არ იცის, რა უნდა გააკეთოს. მისივე თქმით ბავშვი გერმანიაში მის შვილს ჰყავდა წაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ელჩი ინფორმაციის მიღების შემდეგ გეგმავს განცხადების გაკეთებას. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის ცხედარი დიუბსბორგის სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრშია გადასვენებული.

|